მთვარის ამბავი

ეს ქალაქი დედამიწაზე არ მოიძებნება და მხოლოდ რომელიღაც პარალელურ სამყაროშია. სწორედ ამ სამყაროს ვეძებ. იქ უნდა წავიდე, სადაც წერილები სიყვარულის საიდუმლოს ინახავანენ. შეყვარებულები ვნების ცეცხლისგან ჩუმად იწვიან და გრძნობის ფერფლს ღამის მცველ ვარსკვლავებს ატანენ. იქ უნდა წავიდე, სადაც ფერფლისგან მთვარე იბადება, სადაც ვენერას სარკე ათას ნაწილად იმსხვრევა ყოველი ჩაფერფლილი ცეცხლის გამო. იმსხვრევა და მთელდება.
იქ, სადაც მზეს და ახალდაბადებულ მთვარეს  შორის დიდი ბრძოლაა გამართული. მზე იმ ვნების ცეცხლია, სიყვარული რომ საზრდოობს, მთვარე კი მისი ნაშთი, მოგონებებით შექმნილი და ტკივილის მომტანი. ეს ბრძოლაც, როგორც ყველა სხვა, ძალაუფლების დამტკიცებისთვის მიდის.

” მთვარეა მასზე მოგონება”-მოისმა ფერფლიდან ხმა.

ამ ბრძოლას ღმერთები მალავენ. ომი მაშინ იწყება, როცა ყველას სძინავს. მხოლოდ ღამურები ხედავენ დილის რიჟრაჟზე სისხლიან ცას.
იქ ყოველი დილა ყვავის ჩხავილს არ ჰგავს, საღამო კი ბუს კივილს. შუადღისას ძილის ნაცვლად სიყვარულზე ფიქრობენ. იმ ქალაქში არც დრო აღელვებთ და არც მისი აქეთ-იქით ბოდიალი. საათები ცოცხლები არიან და მათ სურვილზეა გეტყვიან დროს თუ არა. მათ უკეთ იციან რისი ცოდნა გჭირდება. მაშინ ჩნდებიან როცა არ ელოდები, ან სულაც გვერდიდან არ გშორდებიან. გითვლიან დღეებს, საათებს, წუთებს, წამებს…
ვენერა ფანჯრის რაფასთან დგას. მის უკან საათი გატეხილი სარკის გამთელებას ცდილობს. ვენერა მარსის დაბრუნებას ელოდება და ნახევარმთვარის ფორმის ყელსაბამს თითებს შორის ათამაშებს. მარსმა წასვლის წინ დაუტოვა, მარადიული მოგონების ნიშნად. ვენერამ შუბლი შეჭმუხნა. საათი აღარ წიკწიკებდა, სარკე არ მთელდებოდა, ვენერა მარსს ელოდა.
-დრო გავიდა.-გამოიტანა განაჩენი დროის მდევარმა.
-მთვარე იმარჯვებს…-გაამხილა სამყაროს საიდუმლო სასოწარკვეთილმა ვენერამ.
საათმა სარკე ვერ გაამთელა.

იმ დღეს ცაზე ახალი მთვარე ამოვიდა.

image

2 thoughts on “მთვარის ამბავი

Leave a reply to wearescientistsblog კომენტარის გაუქმება