Monthly Archives: აპრილი 2012

გაზაფხული მოვიდა(?!)

საწოლზე წამოვწექი. თვალები მტკიოდა, ამიტომ დახუჭვით ვცადე დაამება. “ჩამომალაბორანტეს” მართლაც რა საზარელი სიტყვაა არა? კიდევ ერთხელ წავიკითხე “კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა”. კარგი კაცი იყო. თვით საძაგელი ემა ბოვარიც კი უყვარდა. მეც მიყვარს ემა ბოვარი. საწყალი, უმადური, ცოდვებით სავსე, “სიყვარულს” მოწყურებული სნობი იყო. ცხოვრებით მუდამ უკაყოფილო გახლდათ და ბეჰომურ საზოგადოებას ეტრფოდა.
გაზაფხული მოვიდა. ადრე ყველაფერი ძალიან უფერული იყო. ადრეში ზამთარს ვგულისხმობ. ცაც, სახლებიც, ხეებიც, ხალხიც უფერული იყო. დღენიადაგ იმაზე ვწუწუნებდი, ცუდი ამინდია-მეთქი. დღეში იმდენჯერ ვამბობდი, რომ მოღრუბლული იყო, რომ დედამ სინოპტიკოსი შემარქვა. ახლა ყველაფერი მწვანეა. ხალხი კი ისევ უფერულია. მწვანე ფერი მომენატრა. ისე ვარ, თითქოს ძველ მეგობარს შევხვდი, რომელსაც არ ვიცი რაზე ველაპარაკო და უხერხულ სიჩუმეს მორცხვი ღიმილით ვარღვევ.
იცით წიგნებში ყველაზე ძალიან რა მომწონს? ყოველ ნაწარმოებში ვპოულობ რაღაც ჩემსას. თუ ვერ ვპოულობ, მაშინ ამ თვისებას ჩემ თავს ვუმატებ. ჯორჯ ბერნარდ შოუმ ბრძანა: “ცხოვრება შენი თავის პოვნისთვის კი არაა, არამედ შენი თავის შექმნისაა”. ეჰ ვიცი, რომ თარგმნაში მოვიკოჭლებ, ამიტომ ორიგინალს შემოგთავაზებთ: “life isn’t about finding yourself it’s about creating yourself”. ასე ვიქმნები მე. ცხოვრების ბოლოს კი, იმდენად მრავალფეროვანი ვიქნები, რამდენი წიგნიც მექნება წაკითხული. ლიტერატურა, კარგი რაღაცაა. ჩემს ბიძაშვილს, რომელიც აგერ უკვე მეოთხე კურსზეა, უნივერსიტეტში აქვს ასეთი საგანი: “მეცხრამეტე საუკუნის ლიტერატურული შედევრები”. ლექტორი აძლევთ წიგნს წასაკითხად, შემდეგ კი, ლექციაზე დისკუსია აქვთ. ხომ მშვენიერია? მეც მინდა ასეთი საგანი! ოღონდ სკოლაში.
-რაზე ფირობ?-ჰკითხა თავადაც შეშინებულმა.
-ლიდაზე.. გახსოვს “მზიან ღამეში” ლიდა?
-მახსოვს..
-ხოდა მეშინია, მეც ლიდა არ გავხდე. ნამდვილსიყვარულ დაკარგული, უმარილწასმული, ცოტა ვულგარული, მაგრამ კეთილი ლიდა.-თვალზე ცრემლი მოადგა და სიგარეტი გვერდზე გადადო.
ასეთი დიალოგია ერთ ჩემს მოთხრობაში. ცუდი მოთხრობაა, მაგრამ მაინც ვწერ. ჰეჰ.. რამდენი ხანია ვწერ.
მამამ მითხრა პური ამოიტანეო. გავედი სახლიდან. ქუჩა ისეთი ცარიელი იყო, რომ თავი ზედმეტად ვიგრძენი. გამყიდველთან მივედი და ფული მივაწოდე. სანამ ხურდას მაძლევდა დახლზე ნიკაპი ჩამოვდე და “ციგნისბავშვური” მზერა ვტყორცნე შოკოლადების სექციას. მე და მამა მომავალი ძაღლის სახელზე ვკამათობთ. დღეში მინიმუმ 10 სახელს ვეუბნები, მაგრამ არც ერთი არ მოწონს. მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი კაჩუმა დაარქვას. კაჩუმა ერქვა მის პირველ ძაღლს, მაშინ, როცა 6 წლის იყო და ერაყში ცხოვრობდა.
“თვალები აღარ მტკივა და ამას იმიტომ ვწერ.
ადრე ყველაფერი ძალიან უფერული იყო. ადრეში ზამთარს ვგულისხმობ. ცაც, სახლებიც, ხეებიც, ხალხიც უფერული იყო. დღენიადაგ იმაზე ვწუწუნებდი, ცუდი ამინდია-მეთქი. დღეში იმდენჯერ ვამბობდი, რომ მოღრუბლული იყო, რომ დედამ სინოპტიკოსი შემარქვა. ახლა ყველაფერი მწვანეა. ხალხი კი ისევ უფერულია.” იღუბლება.

პასუხი უმისამართო წერილს

სანამ კითხვას დაიწყებდეთ ამ პოსტს ეწვიეთ!
აპრილის მზიანი დღე იყო. გრაფის სახლში სიჩუმეს მხოლოდ მისი ფორტეპიანოს ხმა არღვევდა. ის გატაცებით უკრავდა, როცა მსახური შემოვიდა.
-მუსიე, თქვენთან წერილია..-უთხრა ჩუმად ბატონს.
-ვისგან?
-არ ვიცი ბატონო, სახელი არ ეწერა.
-კარგი, დადეთ აქვე და წავიკითხავ.
-დიახ, ბატონო.-მორჩილად უთხრა მსახურმა.
ის მშვიდად ადგა და მაგიდას მიუახლოვდა. კონვერტიდან წერილი ამოიღო და კითხვას შეუდგა. სახეზე სრული გულგრილობა ეწერა, თუმცა ეს მალე შეიცვალა. გაურკვეველი ემოციებით იტვირთებოდა მისი გული. სუნთქვა გაუხშირდა, ხელები აუკანკალდა, მიხვდა ვინც წერდა. გაიხსენა ყოველი წამი, რომელიც მასთან ერთად გაატარა. წარმოიდგინა, თუ როგორ უჭირდა საბრალო გოგონას, ასეთი უიმედო ცხოვრება. სასწრაფოდ ხელი სტაცა ფურცელს და სამელნეს, სადაც ბატის ბუმბული იყო ჩადებული. აკანკალებული ხელით დაიწყო წერა:
“ჩემო მშვენიერო ქალბატონო, თქვენი გამოგზავნილი წერილით თქვენ ჩემს ცხოვრებას სინათლე მოჰფინეთ. ღმერთმანი, რამდენჯერ მომსურვებია, თქვენთან მოვჭრილიყავი და ყველას თვალწინ მეთქვა, თუ რაოდენ ძვირაფსი ხართ ჩემთვის. თქვენ ფიქრობთ, რომ ჩემთვის არაფერს ნიშნავთ?  მე ეს მახარებს.. ეს ნიშნავს, რომ კარგად ვთამაშობდი. პირველ დღეს, როცა თქვენ ჩემს სახლში შემოხვედით იმ დაწყევლილ მეჯლისზე, მოსვენება დავკარგე. თქვენმა სილამაზემ დამაბრმავა: თმა შავი, როგორც ღამე, ტუჩები წითელი, როგორც სისხლი, კანი თეთრი, როგორც თოვლი, ხოლო თვალები.. თქვენი უძირო თავი თვალები.. ყოველთვის, როცა გამიბედავს მათში ჩახედვა, გრძნობების მართვის შესაძლებლობა ხელიდან მეცლებოდა.
ყოველ ღამე, თქვენზე ფიქრით მთავრდება და ყოველი დღე იგივე აზრით იწყება. ყველა ჩემი კომპოზიცია თქვენითაა შთაგონებული. თითოეული ნოტი, რომელსაც ვწერ ერთი მიზნისთვისაა მიმართული. ჩემს ერთადერთ, თუმცა მიუწვდომელ სიყვარულს უსიტყვოდ გააგებინოს ჩემი გრძნობების შესახებ. ნუთუ ამას ვერასდროს ხვდებოდით?! მამიდაჩემი ბერტა კი, კეთილშობილი ქალია. ის ხვდებოდა ყველაფერს. იმ მეჯლისზე, როცა პირველად დაგინახეთ, მაშინვე გამაფრთხილა, რომ არ შემყვარებოდით, თქვენ ხომ ჩემთვის არ იყავით განკუთვნილი. ახალგაზრდობის ჟინი კი ჩემზე ძლიერი აღმოჩნდა.
სიტყვები არ მყოფნის ჩემი უსაზღვრო გრძნობების გამოსახატავად. მათ მხოლოდ მუსიკა გამოხატავს. რა უსამართლოა ეს წუთისოფელი?! რად შეგახვედრათ მან ჩემს გარეწარ ძმას? მას ვერ ეყვარებით ისეთი წრფელი გულით, როგორც მე მიყვარხართ! ეს შეუძლებელია!
მომიტევეთ ჩემო ძვირფასო ასეთი ვნებათაღელვა! ეს სიტყვები ჩემი გულიდანაა წამოსული. ვიცი, ჩვენ ერთად ვერასდროს ვიქნებით.. ამიტომ მინდა სამუდამოდ გავცილდე პარიზს. გავემგზავრები შორეულ ინგლისში და ვიცოცხლებ მხოლოდ იმ აზრით ,რომ თქვენ გიყვარდით. გთხოვთ არ მიიტანოთ ეს გულთან ახლოს, დარწმუნებული ვარ, ეს ორივესთვის უკეთესი იქნება. გახსოვდეთ, მეთქვენ მუდამ მიყვარდით, მიყვარხართ და მეყვარებით…”
გრაფმა მშვიდად დაამთავრა წერილის წერა და მსახურს დაუძახა.
-ანტუან, ეს ჩემს ძმისცოლს გადაეცი.
-კარგი, ბატონო.
-ყველაფერი მზადაა ჩემი გამგზავრებისთვის?
-დიახ..
-კარგი. ჩემს საცოლეს ანასტასიას გადაეცი, რომ საღამოს მივემგზავრებით.-უთხრა გრაფმა ღიმილით.
-დიახ. ბატონო ნებას მომცემთ გკითხოთ?
-მკითხე, ანტუან.
-ანასტასია გიყვართ?
-სიცოცხლეზე მეტად ანტუან..
-მაშ ბედნიერებას გისურვებთ, ბატონო.