Tag Archives: წერა

წერილი ჩემს თავს.. (ოდესმე)

მე შენ ამას გწერ, იმიტომ რომ ვიცი შეიცვლები. სახელით არ მოგმართავ, არ ვიცი მაშინ რა გერქმევა. უკვე ვებრძვი იმ საშინელებას, რომელსაც მალე დაემსგავსები. შენთვის სიკვდილი ზედმტად ჩვეულებრივი იქნება და მის გაგონებაზე არც ერთი იმპულსი არ წავა ტვინისკენ. ისედაც დაკარგულ იმედის ძებნას შეწყვეტ და მკვდარი თევზივით გაყვები დინებას. აღარც დაბადება იქნება შენთვის მნიშვნელოვანი და აღარც სიცოცხლის არსებობით აღფრთოვანდები. სილამაზის დანახვას შეწყვეტ. ახლაც მიჭირს ყვავილების და პატარა ბავშვების ყურება  და მაგ დროისთვის არც გაგახსენდება ეს. ყოველ წვრილმანში სილამაზის დანახვისთვის თავს აღარ შეიწუხებ და აღარც ასფალტზე გაკრული წვიმისგან დასველებული ფოთლები გაგახსენდება. იებიც შეგზიზღდება და წერას გადაეჩვევი. სურათებს ახლაც აღარ ვიღებ და მაგ დროისთვის სურვილიც გაგიქრება. ხატვის სწავლასაც გადაიფიქრებ  და გიტარას ალბათ გაყიდი. ბლოგს საბოლოოდ გააუქმებ ისე, რომ პოსტებსაც კი არ შეინახავ. მე ვიცი, რომ დადგება დღე და საკუთარი თავი შეგზიზღდება იმ სიმახინჯის გამო, რომლადაც შენი სული აქციე. დაივიწყებ იმ  ფრაზას, რომელიც ასე მხიბლავს ახლა (beautiful mind is a terrible thing to waste).

როგორ მეშინია მაგ დღის: როცა აღმართს ამოუყვები და არც ერთ ისტორიას არ მოიფირებ, როცა ჩანთაში საათებიანი ბლოკნოტი აღარ გეგდება, როცა ყავის ნალექიდან შავი თვალები აღარ შემოგხედავენ და ლიმნის ნაჭერი მზეს აღარ დაემსგავსება.
და როცა ეს ყველაფერი მოხდება მაშინ წადი. იქ სადაც ავსტრალიელს იპოვი, ფრთებს, ნახევარმთვარის ფორმის ყელსაბამს, თეატრიდან გასასვლელსაც და დროის მანქანასაც კი. გზას გაიხსენებ, თუ არადა ალისა კურდღელს გამოგიგზავნის.
ახლა ამას გწერ და გიხსენებ. 11 წლისამ პირველად დაწერე რაღაც და სურათების გადაღებამაც გაგიტაცა. 14 წლისამ ცხოვრების მარცხენა გზა აირჩიე და 16 წლისამ ბევრი რაღაც გაიგე. ხოდა ახლა თითქმის 18 წლის ვარ მეშინია. გარდატეხის ასაკი დაარქვი და გაგივლისო თქვი, ზუსტად მაგ ჯანდაბასაც მეუბნება ყველა გარშემო, მაგრამ მაინც მეშინია. იმ ყველაფრის რაც დაგემართა უკვე. აი ასე მარტივად.

სიჩუმე

ბოლო პოსტი ბლოგზე 28 სექტემბერს დავწერე. ბლოგის დაბადების დღეზე იყო.
მას მერე ჩუმად ვარ.

ნოემბრიდან ივნისამდე  არაფერი დამიწერია. მუზამ “სხვაზე” იეჭვიანა და დამტოვა. სიტყვებს აღვიქვამდი როგორც ურთიერთობის საშუალებას და არა აზრის გამოხატვის ხერხს. საკუთარი აზრი მუზას გავატანე. ჩემი კალამი ფურცელზე მხოლოდ მელანს ტოვებდა.

არაფერს აღარ ველოდი, მაგრამ ერთ დღესაც “სიტყვები” თავისით დაბრუნდნენ ჩემს გონებაში. მონატრებული ქაოსი თავისით მოიტანა (ალბათ)ქარმა, რომელსაც სეტყვასავით შემოჰყვა მუზა. ის ჯერ კიდევ ვერ შემოვირიგე, მაგრამ ამაზე ვმუშაობ.

მუშაობაზე გამახსენდა! ძველ პოსტებს გადავხედე და ნოსტალგიამაც შემომირბინა. პოსტების წაშლაზეც კი ვფიქრობდი, მაგრამ ეს ჩემი წარსულია და საკუთარ თავს ვერ გავანადგურებ. თვეების განმავლობაში იმდენი ემოცია შევინახე სულში, რომ ყველაფერი ერთმანეთში აირია და ახლაღა ვცდილობ მათ წესრიგში მოყვანას.

მე ვაგრძელებ იმას რაც წლების წინ დავიწყე. ამჯერად აღარ შევწყვეტ წერას.

მიხარია, რომ ეს დღე დადგა. მივხვდი რას ნიშნავს “გულიდან ლოდის გადავარდნა”.start

 

1 წელი

ჰეეპი ბიორზდეიი ტუუ მიიი!!!-ამღერდა დილას ჩემი ბლოგი.
ჰეეპი ბიორზდეი ტუ იუ-ამოვღერღე რაღაცნაირად და სკოლაში წავედი.
მოვედი სკოლიდან და მამაჩემს მივაძახე:
-პაზდრავლაუუუ!!! მამააა გიილოცავ დაბადების დღეეს! გისურვებ ჯანმრთლობას ბედნიერებას წარმატებას და ვაფშე ჩემ კარგ შვილობას გისურვებ!-ამ დროს ძაღლი შემომახტა და ჩემი სულისკვეთება მის მოფერებაში გადაიზარდა.
საქართველოში კი ბნელოდა, ბნელოდა და ბნელოდა. სანამ ცხვირწინ არ დაუდეს სიბნელე მანამდე ხმას არავინ იღებდა. ყველა სამარე იყო და პირში “georgian water and power”-ის წყალი ჰქონდათ ჩაგუბებული. ფეხებზე ეკიდათ ყველაფერი რაც მათ არ ეხებოდა.
ასე გავჩუმდი მეც. ჩემი ხმის ამოღებას რა აზრი ჰქონდა? მე არავინ მომისმენდა. ვცადე და არ გამომივიდა. მერე შევქმენი ბლოგი! დიდად არც ამან უშველა რამეს, მაგრამ სამაგიეროდ ბევრი რამე შემმატა.
366 დღე გავიდა იმის მერე რაც მე ბლოგი შევქმენი. გავიცანი უამრავი ადამიანი, რომლებიც ძალიან მიყვარს, მიუხედავად იმისა, რომ რეალურად არც ერთს ვიცნობ. გავწევრიანდი შვიდ ბლოგერულ ჯგუფში, მაგრამ მაგნუმს არაფერი შეედრება. ❤ :ოსკარისაღებისმომენტი:
დიდი მადლობა მეგობრებს! ვინც აქტიურად მკითხულობდნენ,
დიდი მადლობა ნუცას! ეს რომ არა, ბლოგი იქნებოდა რაღაც საოცრება!
დიდი მადლობა ყველა მკითხველს, კრიტიკოსს, ბლოგერს და საერთოდ ყველას!
51 პოსტი
2 გვერდი
7 კატეგორია
93 თაგი
2-ჯერ ტოპებში მოხვედრა და
უამრავი დადებითი ემოცია!
დიდი მადლობა 28 სექტემბერო! შენ ჩემს ცხოვრებაში მარიშკალიას ბლოგი შემოიტანე!
ყველაფრის მიუხედავად იწოდებოდა ბლოგერად მაინც სხვა გრძნობაა..
დიდი სიყვარულით და სენტიმენტებით თქვენი (ცოტა არანორმალური) მარიშკალია ❤

გაზაფხული მოვიდა(?!)

საწოლზე წამოვწექი. თვალები მტკიოდა, ამიტომ დახუჭვით ვცადე დაამება. “ჩამომალაბორანტეს” მართლაც რა საზარელი სიტყვაა არა? კიდევ ერთხელ წავიკითხე “კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა”. კარგი კაცი იყო. თვით საძაგელი ემა ბოვარიც კი უყვარდა. მეც მიყვარს ემა ბოვარი. საწყალი, უმადური, ცოდვებით სავსე, “სიყვარულს” მოწყურებული სნობი იყო. ცხოვრებით მუდამ უკაყოფილო გახლდათ და ბეჰომურ საზოგადოებას ეტრფოდა.
გაზაფხული მოვიდა. ადრე ყველაფერი ძალიან უფერული იყო. ადრეში ზამთარს ვგულისხმობ. ცაც, სახლებიც, ხეებიც, ხალხიც უფერული იყო. დღენიადაგ იმაზე ვწუწუნებდი, ცუდი ამინდია-მეთქი. დღეში იმდენჯერ ვამბობდი, რომ მოღრუბლული იყო, რომ დედამ სინოპტიკოსი შემარქვა. ახლა ყველაფერი მწვანეა. ხალხი კი ისევ უფერულია. მწვანე ფერი მომენატრა. ისე ვარ, თითქოს ძველ მეგობარს შევხვდი, რომელსაც არ ვიცი რაზე ველაპარაკო და უხერხულ სიჩუმეს მორცხვი ღიმილით ვარღვევ.
იცით წიგნებში ყველაზე ძალიან რა მომწონს? ყოველ ნაწარმოებში ვპოულობ რაღაც ჩემსას. თუ ვერ ვპოულობ, მაშინ ამ თვისებას ჩემ თავს ვუმატებ. ჯორჯ ბერნარდ შოუმ ბრძანა: “ცხოვრება შენი თავის პოვნისთვის კი არაა, არამედ შენი თავის შექმნისაა”. ეჰ ვიცი, რომ თარგმნაში მოვიკოჭლებ, ამიტომ ორიგინალს შემოგთავაზებთ: “life isn’t about finding yourself it’s about creating yourself”. ასე ვიქმნები მე. ცხოვრების ბოლოს კი, იმდენად მრავალფეროვანი ვიქნები, რამდენი წიგნიც მექნება წაკითხული. ლიტერატურა, კარგი რაღაცაა. ჩემს ბიძაშვილს, რომელიც აგერ უკვე მეოთხე კურსზეა, უნივერსიტეტში აქვს ასეთი საგანი: “მეცხრამეტე საუკუნის ლიტერატურული შედევრები”. ლექტორი აძლევთ წიგნს წასაკითხად, შემდეგ კი, ლექციაზე დისკუსია აქვთ. ხომ მშვენიერია? მეც მინდა ასეთი საგანი! ოღონდ სკოლაში.
-რაზე ფირობ?-ჰკითხა თავადაც შეშინებულმა.
-ლიდაზე.. გახსოვს “მზიან ღამეში” ლიდა?
-მახსოვს..
-ხოდა მეშინია, მეც ლიდა არ გავხდე. ნამდვილსიყვარულ დაკარგული, უმარილწასმული, ცოტა ვულგარული, მაგრამ კეთილი ლიდა.-თვალზე ცრემლი მოადგა და სიგარეტი გვერდზე გადადო.
ასეთი დიალოგია ერთ ჩემს მოთხრობაში. ცუდი მოთხრობაა, მაგრამ მაინც ვწერ. ჰეჰ.. რამდენი ხანია ვწერ.
მამამ მითხრა პური ამოიტანეო. გავედი სახლიდან. ქუჩა ისეთი ცარიელი იყო, რომ თავი ზედმეტად ვიგრძენი. გამყიდველთან მივედი და ფული მივაწოდე. სანამ ხურდას მაძლევდა დახლზე ნიკაპი ჩამოვდე და “ციგნისბავშვური” მზერა ვტყორცნე შოკოლადების სექციას. მე და მამა მომავალი ძაღლის სახელზე ვკამათობთ. დღეში მინიმუმ 10 სახელს ვეუბნები, მაგრამ არც ერთი არ მოწონს. მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი კაჩუმა დაარქვას. კაჩუმა ერქვა მის პირველ ძაღლს, მაშინ, როცა 6 წლის იყო და ერაყში ცხოვრობდა.
“თვალები აღარ მტკივა და ამას იმიტომ ვწერ.
ადრე ყველაფერი ძალიან უფერული იყო. ადრეში ზამთარს ვგულისხმობ. ცაც, სახლებიც, ხეებიც, ხალხიც უფერული იყო. დღენიადაგ იმაზე ვწუწუნებდი, ცუდი ამინდია-მეთქი. დღეში იმდენჯერ ვამბობდი, რომ მოღრუბლული იყო, რომ დედამ სინოპტიკოსი შემარქვა. ახლა ყველაფერი მწვანეა. ხალხი კი ისევ უფერულია.” იღუბლება.

ქართულის დავალება

ეს ესე ქართულის დავალებად მქონდა. მართალია 2 კვირის წინ, მაგრამ ახლა გამახსენდა და აქ ვაქვეყნებ! ისედაც დიდი ხანია არ დამიწერია! 🙂
სათაური: “როგორ მოქცეულხართ ისეთ შემთხვევაში, როცა ჩაგითვლიათ, რომ საზოგადოება თქვენს მიერ უსამართლოა?”
ჩემთვის საზოგადოების გავლების ქვეშ მოქცევა, თითქმის ყველაზე დიდი დამარცხებაა. მთელი გაცნობიერებული ცხოვრება ვცდილობ არ ვიყო ისეთი, როგორებიც არიან სხვები. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვამტკიცებ, თითქოს სხვაზე რამეთი უკეთესი ვარ. რამდენჯერაც ესე, თემა ან რაიმე სახის ჩანაწერი დამიწერია, იმდენჯერ ვიმეორებ, რომ “შეუძლებელია იცხოვრო საზოგადოებაში და არ იზიარებდე მის აზრს”. (დაილოცოს ამის მთექმელი?!) უმრავლესობასთან მარტო დაპირისპირების და ამავდროულად გამარჯვების შანსი ძალიან ხშირად ნულს უტოლდება.
ცოცხალი მაგალითების გვერდის ავლით, თქვენი მეხსიარებიდან “ალუდა ქეთელაურს” და დავით კლდიაშვილის “შერისხვას” მოვუხმობ. მიუხედავად მათ შორის არც ისე მცირე განსხვავებისა, ისინი ერთ შინაარსობრივ დატვირთვას ატარებენ. სხვათა შორის, მომავალი “ამბოხებულებისთვის” მშვენიერ სახელმძღვანელოს წარმოადგენენ.
თუ ჩემს პირად მაგალითს განვიხილავთ, (რაც სამაგალითოდ ნამდვილად არ გამოდგება) ვიტყვი, რომ ზემოთხსენებულ საზოგადოებრივ აზრს ხშირად გადავყრივარ და ჩემი(არასამაგალითო) ხასიათიდან გამომდინარე, არარაციონალური გადაწყვეტილება მიმიღია. კერძოდ კი, (ხშირად) უმიზეზო და (იშვიათად)ჩხუბი დამიწყია. თუმცა, იმედი მაქვს მომავალში დავჭკვიანდები და მასასთან, რომელსაც აუცილებლად ჰყავს მეთაური, შეძლებისდაგვარად საერთო ენას თუ არა, ურთიერთობის ალტერნატიულ გზას მაინც გამოვნახავ.
ამ ესეს წაკითხვას საერთოდ არ ვაპირებდი, მაგრამ ისე გამოვიდა, რომ 10-ანი მივიღე! 😛
P.S.არაფერი არ შემიცვლია ზუსტად ასე მეწერა ყველაფერი! 🙂

რა ვქნა სურათი რომ არ დამედო, არ შემეძლო! 😛