Tag Archives: ჩაი

ჩემი დილა

მამაჩემი ხმაურიანად გავიდა სახლიდან და კარებიც გასაღებით დაკეტა. გამომეღვიძა და მივხვდი, რომ დაძინების “პრასვეტი” აღარ მქონდა. ავდექი, მაგრამ ჩაცმის დაზარების გამო, თაგვიან პიჟამოზე პირდაპირ დიდი, თბილი, ვარდისფერი ხალათი შემოვიცვი. ე.წ. ჩუსტები რომ ვერ ვიპოვე, უგებს დავწვდი და წინდაზე ამოვცვი. მშიოდა, მაგრამ არ შევჭამე. სააბაზანოში რომ შევედი, ისეთმა ნაცემმა არსებამ გამომხედა, რომ სასწრაფოდ შევიხსი წყალი, მაგრამ ამანაც ვერ მიშველა, ისევ ნაცემი არსება ვიყავი, ოღონდ ახლა უკვე სველი. სამზარეულოში შევედი, მაგრამ მაინც არ შევჭამე და კომპიუტერთან გამოვედი.
გამახსენდა! დღეს ოთხშაბათია! ვიფიქრე მოლის ახალი ჯეოპარდი ექნება-მეთქი და შევირბინე სანახავად. მართალი აღმოვჩნდი, მშვენიერი ჯეოპარდი დამხვა. ცხოვრებაში პირველად მივიღე მასში მონაწილეობა და ვნახოთ რა იქნება!
facebook-ზეც შევირბინე, მაინც რა იცი რა ხდება! არაფერიც არ ხდება, ყველა სტატუსი ასეთი იყო:აუ მეძინება, წავედი, მშია, გამაგდეთ ვინმემ აქედან… გამოსვლას ვაპირებდი და კლასელმა მომწერა. დავრჩი. ისევ ბლოგზე დავბრუნდი. ზოგიერთი პოსტი ვნახე და მერე კუჭმა უცენზუროდ მომიხსენია და სამზარეულოში გავედი. ჩაი დავისხი და მჭადების მომზადებას შევუდექი. (ისევ ვწერ თითქოს ძნელი იყოს)
ახლა ვზივარ აქ. ლინმიანი ჩაით(ი)  ვტკბები და ვცდილობ არ ვიფიქრო იმაზე, რომ 3 საათზე “ზუბნაია ფეია”-სთან უნდა წავიდე.. ვინც ვერ მოხვდა სტომატოლოგი ვიგულისხმე..
P.S. გუშინ უკვე მერამდენედ ვუყურე mr. and mrs. smith.. ეჰ რა სახლს ანგრევეენ.. 😦
P.P.S.რა უცნაური დილა მაქვს! 😀

5 წუთი

სულ მაინტერესებდა ლამპიონები როდის ინთება-თქო. ხოდა გუშინ შემთხვევით აღმოვაჩინე, რომ სადღაც 6-ს რომ 20-15 აკლება, მაშინ ანთებენ. მეც დღეს 17:35 წუთიდან ფანჯარასთან მდგომ მაგიდაზე, გამათბობელთან ახლოს შემოვუსკუპდი, ხელში ჩაი და შოკოლადი დავიჭირე და ამ წუთებით ტკბობა დავიწყე.
წუთი პირველი:
“მოკლე ტექსტური შეტყობინება” მომდის ტექსტით: movediiii. shen ras shvebi? მოიცა სად მოვიდა? ანუ დღეს იქ იყო? აკი ხვალ-ო? ანგარიშის მდგომარეობას ვამოწმებ. ამდენი ნული შეიძლება? ჯანდაბა.. ფანჯარაში გავიხედე. გარაჟებზე თეთრი ფისო დახტის.. მანქანას სიგნალიზაცია ჩაერთო.. ტელეფონს დავხედე 17:36..


წუთი მეორე:
მამაჩემი კომპიუტერთან დაჯდა. სიგარეტი აიღო. ასანთის ღერს მოუკიდა. ერთხანს უყურა და მერე ოთახი ბოლით აივსო.. ბებია პროფილს უყურებს.. ღმერთო რა მარაზმია.. ჩაის სუნი მაფხიზლებს. ლიმნიანი ჩაი..
წუთი მესამე:
ეზოში კობოკრულ და სპორტულ ქურთუკიანი ბიჭები თამაშობენ. ყოველდღე დაახლოებით ამ დროს გამოდიან სახლებიდან. ჩემი ფისო დაიკარგა.. უი შოკოლადი ხომ მაქვს.. ბიჭები ფეხბურთს თამაშობენ ქვით… სიმღერა მახსენდება.


წუთი მეოთხე:
ერთ ბლოგზე დაწერილი ლექსი მახსენდება. სიტყვების ზღვა. კარგი ლექსია. არადა ლექსები არ მომწონს. ისევ ლიმნიანი ჩაი. ასაფეთქებლის ხმა ისმის.. ახალი წელი მოდიიის..
წუთი მეხუთე:
17:40! აინთოო!! როგორც იქნა აინთო! ფანჯრიდან 9 ლამპიონი ჩანს. ყველას ნათურა ერთდროულად, მკრთალად განათდა. მერე ნელნელა უფრო ძლიერად აინთო. მე ჩაის ბოლო ყლუპი მოვსვი და მაგიდიდან ჩამოვედი.

ჩაი და ყავა

ყავა:-გამარჯობა, შენ ჩაი ხარ. მშვიდი, გაწონასწორებული, სერიოზული, ჭკვიანი, კეთილშობილი და ცოტაც დიდგვაროვანი. შენთან ურთიერთობა ყველას არ შეუძლია, არა ცუდი ხასიათის გამო. უბრალოდ ვერ გიგებენ. შენ ყოველთვის ეხმარები მათ, ვისაც ეს სჭირდება, გასნაკუთრებით ზამთარში. ხალხს ათბობ, ამიტომაც უყვარხარ ბევრს. ზოგს კი რატომღაც არ უგემური ჰგონიხარ. ესეც იმის გამო, რომ შენს ნამდვილ სახეს არ იცნობენ. შენი სამშობლო ინგლისია, თუმცა კოსმოპოლიტობაც გახასიათებს.სხვები ცდილობენ იყვნენ შენნაირები, მაგრამ შენ განუმეორებელი ხარ!

მე ყავა ვარ. თავქარიანი, სულელი, უაზრო, ემოციებს აყოლილი, ღამეებგათენებული და კოფეინით გაჟღენთილი. მე ბევრი არ მაფასებს.ხშირად სანამ საჭირო არ ვარ, არავის ვახსენდები. მე ხალხს ვეხმარები, ისევე როგორც შენ, მაგრამ როგორც კი მომეჩვევიან, მაშინვე თავის დანებებას ცდილობენ. აქ კი ჩემი მთავარი შარმი კოფეინი იწყებს მუშაობას. იცოდი, რომ მე მომავალს ვაჩვენებ? დიახაც, მე არ ვიტყუები! უბრალოდ ბევრს არ სჯერა და მატყუარა ვგონივარ.

ჩაი:- გაგიმარჯოს! შენ იცი , რომ მე ჩაი ვარ და გგონია, რომ ჩემს შესახებ ყველაფერი იცი, მაგრამ შენ ხომ ჩემი ნამდვილი სახე არ გინახავს! იმ ფაიფურის ჭიქისა და სითბოს უკან რა იმალება არ გაინტერესებს? მე გულჩვილი ვარ! ხშირად ვტირი და მნიშვნელობა არ აქვს მიზეზიანად ხდება ეს თუ უმიზეზოდ. ჩემთვის გულის ტკენა ადვილია, ნდობის დაბრუნება კი თითქმის შუეძლებელი. იქნებ ფიქრობ კიდეც, რომ უკარება ვარ? არა ჩემო კარგო! უბრალოდ მე მხოლოდ ერთეულებს ვაძლევ ჩემთან ურთიერთობის უფლებას.

შენ ყავა ხარ. მხიარული, მაგრამ ხშირად ჩაფიქრებული. ფეთქებადი და თან მშვიდი. ადამიანი, რომ იყო ჰოროსკოპით სასწორი იქნებოდი. ხშირად გამოირჩევი წინდაუხედავობით და ბოლოს ცდილობ ყველაფერი გამოასწორო. ხალხს მოსწონს შენთან ურთიერთობა, შენ კი  იმდენად გეშინია მათი დაკარგვის, რომ მთავარ იარაღს იყენებ!! დატკბი ცხოვრებით ძვირფასო!!

ამ დროს ოფიციანტმა დაგვიანებულ შეკვეთას მოაკითხა და ყავა და ჩაი სამუდამოდ დააშორა ერთმანეთს ისე, რომ ყავამ მადლობის გადახდაც ვერ მოასწრო..