Tag Archives: შოკოლადი

გაზაფხული მოვიდა(?!)

საწოლზე წამოვწექი. თვალები მტკიოდა, ამიტომ დახუჭვით ვცადე დაამება. “ჩამომალაბორანტეს” მართლაც რა საზარელი სიტყვაა არა? კიდევ ერთხელ წავიკითხე “კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა”. კარგი კაცი იყო. თვით საძაგელი ემა ბოვარიც კი უყვარდა. მეც მიყვარს ემა ბოვარი. საწყალი, უმადური, ცოდვებით სავსე, “სიყვარულს” მოწყურებული სნობი იყო. ცხოვრებით მუდამ უკაყოფილო გახლდათ და ბეჰომურ საზოგადოებას ეტრფოდა.
გაზაფხული მოვიდა. ადრე ყველაფერი ძალიან უფერული იყო. ადრეში ზამთარს ვგულისხმობ. ცაც, სახლებიც, ხეებიც, ხალხიც უფერული იყო. დღენიადაგ იმაზე ვწუწუნებდი, ცუდი ამინდია-მეთქი. დღეში იმდენჯერ ვამბობდი, რომ მოღრუბლული იყო, რომ დედამ სინოპტიკოსი შემარქვა. ახლა ყველაფერი მწვანეა. ხალხი კი ისევ უფერულია. მწვანე ფერი მომენატრა. ისე ვარ, თითქოს ძველ მეგობარს შევხვდი, რომელსაც არ ვიცი რაზე ველაპარაკო და უხერხულ სიჩუმეს მორცხვი ღიმილით ვარღვევ.
იცით წიგნებში ყველაზე ძალიან რა მომწონს? ყოველ ნაწარმოებში ვპოულობ რაღაც ჩემსას. თუ ვერ ვპოულობ, მაშინ ამ თვისებას ჩემ თავს ვუმატებ. ჯორჯ ბერნარდ შოუმ ბრძანა: “ცხოვრება შენი თავის პოვნისთვის კი არაა, არამედ შენი თავის შექმნისაა”. ეჰ ვიცი, რომ თარგმნაში მოვიკოჭლებ, ამიტომ ორიგინალს შემოგთავაზებთ: “life isn’t about finding yourself it’s about creating yourself”. ასე ვიქმნები მე. ცხოვრების ბოლოს კი, იმდენად მრავალფეროვანი ვიქნები, რამდენი წიგნიც მექნება წაკითხული. ლიტერატურა, კარგი რაღაცაა. ჩემს ბიძაშვილს, რომელიც აგერ უკვე მეოთხე კურსზეა, უნივერსიტეტში აქვს ასეთი საგანი: “მეცხრამეტე საუკუნის ლიტერატურული შედევრები”. ლექტორი აძლევთ წიგნს წასაკითხად, შემდეგ კი, ლექციაზე დისკუსია აქვთ. ხომ მშვენიერია? მეც მინდა ასეთი საგანი! ოღონდ სკოლაში.
-რაზე ფირობ?-ჰკითხა თავადაც შეშინებულმა.
-ლიდაზე.. გახსოვს “მზიან ღამეში” ლიდა?
-მახსოვს..
-ხოდა მეშინია, მეც ლიდა არ გავხდე. ნამდვილსიყვარულ დაკარგული, უმარილწასმული, ცოტა ვულგარული, მაგრამ კეთილი ლიდა.-თვალზე ცრემლი მოადგა და სიგარეტი გვერდზე გადადო.
ასეთი დიალოგია ერთ ჩემს მოთხრობაში. ცუდი მოთხრობაა, მაგრამ მაინც ვწერ. ჰეჰ.. რამდენი ხანია ვწერ.
მამამ მითხრა პური ამოიტანეო. გავედი სახლიდან. ქუჩა ისეთი ცარიელი იყო, რომ თავი ზედმეტად ვიგრძენი. გამყიდველთან მივედი და ფული მივაწოდე. სანამ ხურდას მაძლევდა დახლზე ნიკაპი ჩამოვდე და “ციგნისბავშვური” მზერა ვტყორცნე შოკოლადების სექციას. მე და მამა მომავალი ძაღლის სახელზე ვკამათობთ. დღეში მინიმუმ 10 სახელს ვეუბნები, მაგრამ არც ერთი არ მოწონს. მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი კაჩუმა დაარქვას. კაჩუმა ერქვა მის პირველ ძაღლს, მაშინ, როცა 6 წლის იყო და ერაყში ცხოვრობდა.
“თვალები აღარ მტკივა და ამას იმიტომ ვწერ.
ადრე ყველაფერი ძალიან უფერული იყო. ადრეში ზამთარს ვგულისხმობ. ცაც, სახლებიც, ხეებიც, ხალხიც უფერული იყო. დღენიადაგ იმაზე ვწუწუნებდი, ცუდი ამინდია-მეთქი. დღეში იმდენჯერ ვამბობდი, რომ მოღრუბლული იყო, რომ დედამ სინოპტიკოსი შემარქვა. ახლა ყველაფერი მწვანეა. ხალხი კი ისევ უფერულია.” იღუბლება.

მილოცვა მარის! :*

მე შენ 4 წლის წინ გაგიცანი. ზაფხული იყო. ჩემს კლასელებს უნდა შევხვედროდი და შენ მათი დაქალი იყავი და დღესაც ხარ. მე მწვანე მაისური, ჯინსის ქვედაბოლო და წიტელი ვარსკვლავებიანი “ბალეტკები” მეცვა. (არადა კაბებს არ ვიცვამ) შენ თითქმის ჩვეულ ფორმაში კეტები, ჯინსის შარვალი და თეთრი წარწერებიანი მაისური გეცვა. იმ დღეს სურათების გადასაღებად მზიურში წავედით. ახლა ამის წარმოდგენა შეუძლებელია! :))
იმ დღის შემდეგ არ მინახიხარ, მაგრამ მერე ჩემს კლასში გადმოხვედი. მე-7 კლასი იყო. ძალიან გამიხარდა შენი გადმოსვლა. ადვილად დავახლოვდით. უბრალოდ შენს მეგობრად თავს არ ვთვლიდი.
შენ ძალიან უცნაური ხასიათი გაქვს. ალბათ არავინ იცის როდის რას გააკეთებ. შენში ამ თვისებას ძალიან ვაფასებ!
ერთადერთი ადამიანი ხარ ვისაც ტონალურის გამო არ ვეჩხუბები!
მე-9 კლასში შენზე წიგნის წერა დავიწყე. უფრო სწორად შენი პროტოტიპის შესახებ. სხვათა შორის კარგად გამომდიოდა. ზუსტად არ ვიცი, მაგრამ მგონი მართლა ელოდი როდის დავწერდი ახალ თავს! სამწუხაროდ თუ/და საბედნიეროდ ერთი რაღაც მოხდა და მეც წიგნის წერა შევწყვიტე. უმეტესწილად სკოლაში, გაკვეთილებზე ვწერდი და პირველი შენ გაკითხებდი. ახლა ეს ტრადიციაა თუ რამეს სკოლაში დავწერ შენ პირველი კითხულობ. კიდევ გვაქვს ასეთი ტრადიცია, წერისას ყოველთვის გეკითხები სახელებს და ადგილებს.
ვერ იტან რძის ნაწარმს! ვერც კი წარმოგიდგენია როგორ ჭამს ხალხი მას! ლობიანი გირჩევნია. შარშან აკეთებდნენ ბუფეტში კარგს და ის გიყვარდა. შოკოლადი გიყვარს განსაკუთრებით. :))) გახსოვს ერთ დღეს წუწუნებდი “ბარნი” მინდაო და მეორე დღეს მოგიტანე! 😛
ძალიან მშიშარა ხარ! სულ მეცინება ამაზე!
პირველად შენ მითხარი ბლოგი დაიწყე-ო.
ჩემო საყვარელო, პატარა, არანორმალურო, ცანცარა, ძალიან ძალიან ძაააალიან მიყვარხარ! ❤ და რაც მთავარია გილოცავ დაბადების დღეს! მეცადე არაბანალური ვყოფილიყავი და რამდენად გამომივიდა ეგ უკვე შენ განსაჯე!

P.S.სამწუხაროდ youtube-ზე შესაფერისი მისალოცი ვიდეო ვერ ვნახე ამიტომ სურათებს დავჯერდეთ!

საშენო სურათია!

5 წუთი

სულ მაინტერესებდა ლამპიონები როდის ინთება-თქო. ხოდა გუშინ შემთხვევით აღმოვაჩინე, რომ სადღაც 6-ს რომ 20-15 აკლება, მაშინ ანთებენ. მეც დღეს 17:35 წუთიდან ფანჯარასთან მდგომ მაგიდაზე, გამათბობელთან ახლოს შემოვუსკუპდი, ხელში ჩაი და შოკოლადი დავიჭირე და ამ წუთებით ტკბობა დავიწყე.
წუთი პირველი:
“მოკლე ტექსტური შეტყობინება” მომდის ტექსტით: movediiii. shen ras shvebi? მოიცა სად მოვიდა? ანუ დღეს იქ იყო? აკი ხვალ-ო? ანგარიშის მდგომარეობას ვამოწმებ. ამდენი ნული შეიძლება? ჯანდაბა.. ფანჯარაში გავიხედე. გარაჟებზე თეთრი ფისო დახტის.. მანქანას სიგნალიზაცია ჩაერთო.. ტელეფონს დავხედე 17:36..


წუთი მეორე:
მამაჩემი კომპიუტერთან დაჯდა. სიგარეტი აიღო. ასანთის ღერს მოუკიდა. ერთხანს უყურა და მერე ოთახი ბოლით აივსო.. ბებია პროფილს უყურებს.. ღმერთო რა მარაზმია.. ჩაის სუნი მაფხიზლებს. ლიმნიანი ჩაი..
წუთი მესამე:
ეზოში კობოკრულ და სპორტულ ქურთუკიანი ბიჭები თამაშობენ. ყოველდღე დაახლოებით ამ დროს გამოდიან სახლებიდან. ჩემი ფისო დაიკარგა.. უი შოკოლადი ხომ მაქვს.. ბიჭები ფეხბურთს თამაშობენ ქვით… სიმღერა მახსენდება.


წუთი მეოთხე:
ერთ ბლოგზე დაწერილი ლექსი მახსენდება. სიტყვების ზღვა. კარგი ლექსია. არადა ლექსები არ მომწონს. ისევ ლიმნიანი ჩაი. ასაფეთქებლის ხმა ისმის.. ახალი წელი მოდიიის..
წუთი მეხუთე:
17:40! აინთოო!! როგორც იქნა აინთო! ფანჯრიდან 9 ლამპიონი ჩანს. ყველას ნათურა ერთდროულად, მკრთალად განათდა. მერე ნელნელა უფრო ძლიერად აინთო. მე ჩაის ბოლო ყლუპი მოვსვი და მაგიდიდან ჩამოვედი.