Tag Archives: ემოცია

სიჩუმე

ბოლო პოსტი ბლოგზე 28 სექტემბერს დავწერე. ბლოგის დაბადების დღეზე იყო.
მას მერე ჩუმად ვარ.

ნოემბრიდან ივნისამდე  არაფერი დამიწერია. მუზამ “სხვაზე” იეჭვიანა და დამტოვა. სიტყვებს აღვიქვამდი როგორც ურთიერთობის საშუალებას და არა აზრის გამოხატვის ხერხს. საკუთარი აზრი მუზას გავატანე. ჩემი კალამი ფურცელზე მხოლოდ მელანს ტოვებდა.

არაფერს აღარ ველოდი, მაგრამ ერთ დღესაც “სიტყვები” თავისით დაბრუნდნენ ჩემს გონებაში. მონატრებული ქაოსი თავისით მოიტანა (ალბათ)ქარმა, რომელსაც სეტყვასავით შემოჰყვა მუზა. ის ჯერ კიდევ ვერ შემოვირიგე, მაგრამ ამაზე ვმუშაობ.

მუშაობაზე გამახსენდა! ძველ პოსტებს გადავხედე და ნოსტალგიამაც შემომირბინა. პოსტების წაშლაზეც კი ვფიქრობდი, მაგრამ ეს ჩემი წარსულია და საკუთარ თავს ვერ გავანადგურებ. თვეების განმავლობაში იმდენი ემოცია შევინახე სულში, რომ ყველაფერი ერთმანეთში აირია და ახლაღა ვცდილობ მათ წესრიგში მოყვანას.

მე ვაგრძელებ იმას რაც წლების წინ დავიწყე. ამჯერად აღარ შევწყვეტ წერას.

მიხარია, რომ ეს დღე დადგა. მივხვდი რას ნიშნავს “გულიდან ლოდის გადავარდნა”.start

 

შენ

შენ ჩემს აბურძგნულ თმას ეთამაშები. მოგწონს, რომ არ ვიჭრი. ჩემი ფანჯრის ქვეშ მელოდები სანამ არ გადმოგხედავ, რომ დარწმუნდე, რომ მშვიდობით ავედი. ყოველთვის ხვდები, როდის ვიტყუები, რაც ხშირად ხდება. საშინლად მღერი, მაგრამ ეს არ გაწუხებს და ყოველთვის მყვები სიმღერაში. არ იქცევი სხავანირად როცა შენს მეგობრებთან ვართ. პირიქით მაშინ უფრო გიყვარვარ.

გამიკვირდა პირველად რომ მითხარი საჭმლის მომზადება ვიციო.. არ დაგიჯერე, მაგრამ არ გითხარი. მოვტყუვდი საჭმელ “შემწვარ კვერცხს” გადასარევად ამზადებ!


ჩემი ხათრით დაიწყე გიტარაზე დაკვრის სწავლა, თავიდან არაფერი გამოგდიოდა, მაგრამ არ დანებდი. ერთხელ ქუჩაში შემხვდი და გიტარის თანხლებით მიმღერე.
სწავლა გეზარება, მე კი ყოველ დღე მიწევს შეგახსენო მეცადინეობა, მაგრამ ჩემთვის მაინც ჭკვიანი ხარ!
ყოველთვის ინეტერესით კითხულობ ყველა ნაჯღაბნს თუ ჩანაწერს რასაც მე ვწერ. არ გეზარება ჩემი დაკარგული შთაგონების მოძებნა.
დარეკვა არ გავიწყდება და ყოველთვის მწერ უცნაურ შეტყობინებებს. როცა ცუდ ხასითზე ხარ ანეგდოტებს გიყვები და შენ იცინი, მიუხედავად იმისა სასაცილოა, თუ არა.
საოცრად არაპროგნოზირებადი ხარ! სურპრიზების გაკეთება ძალიან გიყვარს!

შენ ჩემნაირი თან ხარ თან არა! ჩემსავით ბევრ რამეს აკეთებ უმიზეზოდ. არ მოგწონს ტონალური კრემი. მეჩხუბები როცა ცოტა პუდრს ვისვამ. მეუბნები, რომ არ მჭირდება. საშინლად გეზარება საყიდლებზე სიარული და მეც არ გიყოლებ არასდროს. საბედნიეროდ არასდროს გიჩუქნია დათუნია! ორიგინალური ხარ და ზღარბი მაჩუქე! (ერთხელ ვახსენე ზღარბებისადმი ჩემი სიყვარული) შენ ჩემი პირადი მზე ხარ. შენ ძალიან ბევრი თვისება გაქვს! მაგრამ ასეთი რომ არ ყოფილიყავი, არ მეწყინებოდა. ნეტავ როგორი იქნებოდი?
იცი რაა? შენ მე არ მყავხარ…

დღეს

დღეს 19 დეკემბერია. ახალი წლიდან 353 დღე გავიდა და ზამთარი 72 დღეში გავა. დღეს ვიღაცას დაბადების დღე აქვს. უი გილოცავთ ნიკოლოზობას, განურჩევლად იმისა, ხართ ნიკა თუ არა. არ გეტყვით, რომ შეგეწიოთ მისი მადლი. ისედაც ბევრმა გითხრათ უკვე! დილას მზე ამოვიდა, ხალხმა გაიღვიძა. ზოგისთვის ეს დღე უკანასკნელია, ზოგისთვის პირველი. ვიღაც ამ დღეს ვერ მოეწრო.
19 დეკემბერი ერთი ჩვეულებრივი ორშაბათი დღეა. ბევრს დილას ადგომა დაეზარა, მაგრამ მაინც ადგა, ცოტას გაუმართლა და თბილ საწოლში დარჩა.
ავტობუსებს გეზი არ უცვლიათ, ტაქსისტები არ გაფიცულან, სამარშუტო ტაქსების მგზავრობის ფასი (ჯერ) არ გაზრდილა.
სადღაც ოჯახი დაინგრა, სადღაც კი ახალი შეიქმნა.
შეყვარებულები დაშორდნენ. ვიღაცა სიყვარულში გამოტყდა. ვიღაცამ ვიღაცას იმედი გაუცრუა.
ვიღაცამ სახლი აიშენა ან დაანგრია.
სადღაც, ვიღაცამ, ვიღაცას, რაღაც უთხრა.
მე ჩვეულებრივად გავატარე ეს დღე. თითქმის ჩვეულებრივად. იმედი მაქვს, რომ  ჩემთვისაც იქნება ისეთი დღე, როცა უბრალოდ 19 დეკემბერი არ იქნება.

P.S. ეს ისე უბრალოდ დავწერე…

P.P.S.ინფორმაციისთვის მადლობა ჩემს ბიძაშვილ ნინის! ❤

mgzavrebi-araferi-ise-ubralod

ჩაი და ყავა

ყავა:-გამარჯობა, შენ ჩაი ხარ. მშვიდი, გაწონასწორებული, სერიოზული, ჭკვიანი, კეთილშობილი და ცოტაც დიდგვაროვანი. შენთან ურთიერთობა ყველას არ შეუძლია, არა ცუდი ხასიათის გამო. უბრალოდ ვერ გიგებენ. შენ ყოველთვის ეხმარები მათ, ვისაც ეს სჭირდება, გასნაკუთრებით ზამთარში. ხალხს ათბობ, ამიტომაც უყვარხარ ბევრს. ზოგს კი რატომღაც არ უგემური ჰგონიხარ. ესეც იმის გამო, რომ შენს ნამდვილ სახეს არ იცნობენ. შენი სამშობლო ინგლისია, თუმცა კოსმოპოლიტობაც გახასიათებს.სხვები ცდილობენ იყვნენ შენნაირები, მაგრამ შენ განუმეორებელი ხარ!

მე ყავა ვარ. თავქარიანი, სულელი, უაზრო, ემოციებს აყოლილი, ღამეებგათენებული და კოფეინით გაჟღენთილი. მე ბევრი არ მაფასებს.ხშირად სანამ საჭირო არ ვარ, არავის ვახსენდები. მე ხალხს ვეხმარები, ისევე როგორც შენ, მაგრამ როგორც კი მომეჩვევიან, მაშინვე თავის დანებებას ცდილობენ. აქ კი ჩემი მთავარი შარმი კოფეინი იწყებს მუშაობას. იცოდი, რომ მე მომავალს ვაჩვენებ? დიახაც, მე არ ვიტყუები! უბრალოდ ბევრს არ სჯერა და მატყუარა ვგონივარ.

ჩაი:- გაგიმარჯოს! შენ იცი , რომ მე ჩაი ვარ და გგონია, რომ ჩემს შესახებ ყველაფერი იცი, მაგრამ შენ ხომ ჩემი ნამდვილი სახე არ გინახავს! იმ ფაიფურის ჭიქისა და სითბოს უკან რა იმალება არ გაინტერესებს? მე გულჩვილი ვარ! ხშირად ვტირი და მნიშვნელობა არ აქვს მიზეზიანად ხდება ეს თუ უმიზეზოდ. ჩემთვის გულის ტკენა ადვილია, ნდობის დაბრუნება კი თითქმის შუეძლებელი. იქნებ ფიქრობ კიდეც, რომ უკარება ვარ? არა ჩემო კარგო! უბრალოდ მე მხოლოდ ერთეულებს ვაძლევ ჩემთან ურთიერთობის უფლებას.

შენ ყავა ხარ. მხიარული, მაგრამ ხშირად ჩაფიქრებული. ფეთქებადი და თან მშვიდი. ადამიანი, რომ იყო ჰოროსკოპით სასწორი იქნებოდი. ხშირად გამოირჩევი წინდაუხედავობით და ბოლოს ცდილობ ყველაფერი გამოასწორო. ხალხს მოსწონს შენთან ურთიერთობა, შენ კი  იმდენად გეშინია მათი დაკარგვის, რომ მთავარ იარაღს იყენებ!! დატკბი ცხოვრებით ძვირფასო!!

ამ დროს ოფიციანტმა დაგვიანებულ შეკვეთას მოაკითხა და ყავა და ჩაი სამუდამოდ დააშორა ერთმანეთს ისე, რომ ყავამ მადლობის გადახდაც ვერ მოასწრო..

მიტოვებული ბლოგის გადარჩენა

სრულიად უსინდისოდ დავტოვე ჩემი ბლოგი უპატრონოდ და აგერ უკვე 13 დღეა უპოსტოდ, უავტოროდ და ეულად მიყუჟულა ინტერნეტსივრცის ერთ-ერთ ბნელ კუთხეში. მაგრამ ნუ გამკიცხავთ ჩემო ძვირფასებო! მე მუზამ მიმატოვა და მგონი სხვასთან წავიდა.. ახლა კი გულდაწყვეტილი ვუყურებ ჩემს კლავიატურას და ველი როდის დავწერ რამე აზრიანს, ან ისეთს, რომ სხვა 4 პოსტივით დრაფტში არ მოხვდეს. სიტყვები მეკარგება, მუზა გამირბის და ჩემს გარშემო რაღაც ამოუხსნელი უაზრობა ხდება!  შემოქმედებითი კრიზისი გაქვსო მითხრეს.. რაღა ეხლა დამემართა ეგ კრიზისი? საერთოდ იცით რატომ დავიწყე წერა? იმისთვის, რომ ჩემში დაგროვილი ემოვიების მთელი კოლონა სადმე წამეღო და დამხმარედ კალამი და ფურცელი მომევლინნენ. კარგად მახსოვს პირველად როგორ დავწერე პატარა ჩანახატი. გაზაფხულის პირველი დღე იყო.სიმართლე რომ ითქვას წერაზე ჩემმა მეგობარმა შთამაგონა! (დღეს უკვე მეორეჯერ ვთქვი ეს სიტყვა) ის წერდა ყველაფერს რაც კალამს მოადგებოდა, ხოლო მე კი ახალ გატაცებას ვეძებდი. სხვა ყველაფერი ვცადე:სიმღერა, დაკვრა, ცეკვა, ხატვა, დიზაინერობა მაგრამ არაფერი გამომივიდა.. ალბათ უფრო იმიტომ, რომ არც ერთი არ მეხერხება! საშინელი ხმა მაქვს (მაგრამ მაინც ვმღერი სადაც ამემღერება), როცა ვხატავ თავად ვერ ვიგებ რა დავხატე, საშინლად მოუქნელი ვარ(და მაინც მიყვარს ცეკვა) და დიზაინერობა მოგნი ყველა გოგოს უნდა რაღაც პერიოდში! გატაცებამ გაამართლა და დღემდე (უფრო სწორად იმ 13 დღემდე) აქტიურად მივყვები..დღეს წერა უბრალო გატაცება აღარაა.. ეს რაღაც სხვაა რაც მეხმარება და ალბათ ეს იქნება ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი(პათეტიკა არ შეიმჩნიოთ).

 ახლა კი უაზროდ ვწერ ჩემს და იმის შესახებ თუ როგორ დავიწყე წერა. ბლოგის შექმნის დღეს პირობა მივეცი საკუთარ თავს, რომ არ დავწერდი პირად პოსტებს, რატომღაც მგონია, რომ ასე უინტერესო გახდება წერა, თუმცა მეორეს მხროვ მკითხველმა ხომ უნდა იცოდეს ვინ ვარ, საიდან მოვსულვარ და რა გზას დავადგები?! ეჰ, ნეტავ მე თავად გამაგებინა ამ კითხვებზე პასუხი! შემოქმედებითთან ერთად პიროვნული კრიზისიც მაქვს და ყველას ვუშლი ნერვებს და ვეჩხუბები! არა უშავს გამივლის! ყველაფერი გამივლის! გარდა წერის სურვლისა.. ასე ნელ-ნელა შემოვიტყუებ მუზას და დავაბრუნებ თავის ადგილას!
P.S. შემდეგი პოსტი უფრო კარგი იქნებაა! (პირობის მომცემი სმაილი)