Tag Archives: აღსარება

სიჩუმე

ბოლო პოსტი ბლოგზე 28 სექტემბერს დავწერე. ბლოგის დაბადების დღეზე იყო.
მას მერე ჩუმად ვარ.

ნოემბრიდან ივნისამდე  არაფერი დამიწერია. მუზამ “სხვაზე” იეჭვიანა და დამტოვა. სიტყვებს აღვიქვამდი როგორც ურთიერთობის საშუალებას და არა აზრის გამოხატვის ხერხს. საკუთარი აზრი მუზას გავატანე. ჩემი კალამი ფურცელზე მხოლოდ მელანს ტოვებდა.

არაფერს აღარ ველოდი, მაგრამ ერთ დღესაც “სიტყვები” თავისით დაბრუნდნენ ჩემს გონებაში. მონატრებული ქაოსი თავისით მოიტანა (ალბათ)ქარმა, რომელსაც სეტყვასავით შემოჰყვა მუზა. ის ჯერ კიდევ ვერ შემოვირიგე, მაგრამ ამაზე ვმუშაობ.

მუშაობაზე გამახსენდა! ძველ პოსტებს გადავხედე და ნოსტალგიამაც შემომირბინა. პოსტების წაშლაზეც კი ვფიქრობდი, მაგრამ ეს ჩემი წარსულია და საკუთარ თავს ვერ გავანადგურებ. თვეების განმავლობაში იმდენი ემოცია შევინახე სულში, რომ ყველაფერი ერთმანეთში აირია და ახლაღა ვცდილობ მათ წესრიგში მოყვანას.

მე ვაგრძელებ იმას რაც წლების წინ დავიწყე. ამჯერად აღარ შევწყვეტ წერას.

მიხარია, რომ ეს დღე დადგა. მივხვდი რას ნიშნავს “გულიდან ლოდის გადავარდნა”.start

 

მარსელ პრუსტის ჩემეული ანკეტა

-თქვენი აზრით რა არის უკიდურესად გაჭირვებული მდგომარეობა?
-ჰმმ.. საინტერესო კითხვით იწყება საუბარი.. ის მდგომარეობა, როდესაც ყველაფერი(მატერიალური თუ არამატერიალური) გენგრევა თავზე და გამოსავალი შეგუებაც კი არ არის.
-სად ისურვებდით ცხოვრებას?
-ამჯერად პარიზზე არ ვიტყოდი უარს.. თუმცა მთლად სიტყვაზეც არ მენდოთ! სასტიკად გარდამავალი ხასიათი მაქვს!
-რა არის უმაღლესი ბედნიერება?
-ზუსტად არ ვიცი, ამ კითხვაზე როგორი პასუხი გაგცეთ. ბედნიერება იმდენად შეუცნობელია, რომ ხანდახან ვერც ვხვდებით რამდენად ბედნიერები ვართ..
-თქვენი საყვარელი ლიტერატურული პერსონაჟი?
-ღმერთო რა მოსთვლის მათ.. ალბათ ერთი უნდა დავასახელო არა? ჯანდაბა.. :დიდხანსფიქრი: უფ არ მყავს გამორჩეულად საყვარელი პერსონაჟები! აი ბოლოს წინას წინა რაც წავიკითხე იმას გეტყვით!  “ამაო გარჯა სიყვარულისადან” როზალინა მომეწონა! არ ვიცი რატომ.. ისე “დორიან გრეის პორტრეტიდან” ლორდი ჰენრი მიყვარს ძალიან!
-თქვენი საყვარელი ისტორიული პერსონაჟი?
ვაი.. რა ვიცი აბა! ისტორიისადმი ცოტა მწყრალად ვარ განწყობილი.. პირველი ვინც გამახსენდა ეს მარიამ დედოფალია. ან ელეონორა რუზველტი. თამარ მეფე! ცოტა ფემინისტური პასუხია..
-თქვენი საყვარელი მხატვარი? Continue reading მარსელ პრუსტის ჩემეული ანკეტა

შენ

შენ ჩემს აბურძგნულ თმას ეთამაშები. მოგწონს, რომ არ ვიჭრი. ჩემი ფანჯრის ქვეშ მელოდები სანამ არ გადმოგხედავ, რომ დარწმუნდე, რომ მშვიდობით ავედი. ყოველთვის ხვდები, როდის ვიტყუები, რაც ხშირად ხდება. საშინლად მღერი, მაგრამ ეს არ გაწუხებს და ყოველთვის მყვები სიმღერაში. არ იქცევი სხავანირად როცა შენს მეგობრებთან ვართ. პირიქით მაშინ უფრო გიყვარვარ.

გამიკვირდა პირველად რომ მითხარი საჭმლის მომზადება ვიციო.. არ დაგიჯერე, მაგრამ არ გითხარი. მოვტყუვდი საჭმელ “შემწვარ კვერცხს” გადასარევად ამზადებ!


ჩემი ხათრით დაიწყე გიტარაზე დაკვრის სწავლა, თავიდან არაფერი გამოგდიოდა, მაგრამ არ დანებდი. ერთხელ ქუჩაში შემხვდი და გიტარის თანხლებით მიმღერე.
სწავლა გეზარება, მე კი ყოველ დღე მიწევს შეგახსენო მეცადინეობა, მაგრამ ჩემთვის მაინც ჭკვიანი ხარ!
ყოველთვის ინეტერესით კითხულობ ყველა ნაჯღაბნს თუ ჩანაწერს რასაც მე ვწერ. არ გეზარება ჩემი დაკარგული შთაგონების მოძებნა.
დარეკვა არ გავიწყდება და ყოველთვის მწერ უცნაურ შეტყობინებებს. როცა ცუდ ხასითზე ხარ ანეგდოტებს გიყვები და შენ იცინი, მიუხედავად იმისა სასაცილოა, თუ არა.
საოცრად არაპროგნოზირებადი ხარ! სურპრიზების გაკეთება ძალიან გიყვარს!

შენ ჩემნაირი თან ხარ თან არა! ჩემსავით ბევრ რამეს აკეთებ უმიზეზოდ. არ მოგწონს ტონალური კრემი. მეჩხუბები როცა ცოტა პუდრს ვისვამ. მეუბნები, რომ არ მჭირდება. საშინლად გეზარება საყიდლებზე სიარული და მეც არ გიყოლებ არასდროს. საბედნიეროდ არასდროს გიჩუქნია დათუნია! ორიგინალური ხარ და ზღარბი მაჩუქე! (ერთხელ ვახსენე ზღარბებისადმი ჩემი სიყვარული) შენ ჩემი პირადი მზე ხარ. შენ ძალიან ბევრი თვისება გაქვს! მაგრამ ასეთი რომ არ ყოფილიყავი, არ მეწყინებოდა. ნეტავ როგორი იქნებოდი?
იცი რაა? შენ მე არ მყავხარ…

სიკვდილი

აუ მოვკვდი?? ჯანდაბა რატომ მოვკვდი? დამეჯახა ის მანქანა ხო? აუ მომეშალა ნერვები რა დროს ჩემი სიკვდილი იყო? ჯანდაბა რა..
არ მეგონა სიკვდილი ასეთი ფორმალური პროცესი თუ იყო! კი არადა უსიცოცხლო. აა ხო ეგეთიც უნდა იყოს! მოიცადეთ, აღვწერ: მკრთალად მანათობელი ერთადერთი ნათურა, პატარა ოთახი, ნაცრისფერი კედლები, რამოდენიმე სკამი, საოფისე მაგიდა და დიდი კამოდი. სკამებზე დაღონებული ადამიანები ისხდნენ. ერთი თავისუფალი იყო და მივხვდი, რომ უნდა დავმჯდარიყავი. მაგიდასთან ერთი შუახნის, სათვალეებიანი ქალი იჯდა მშვიდი, მაგრამ ცოტა ბოროტი გამომეტყველებით. ის მშვიდად წერდა რაღაცას. დავინტერესდი რას აკეთებდა, მაგრამ ვერ დავინახე და ადგომის შემრცხვა. აი მოვკვდი, მაგრამ ზრდილობა შემრჩა. გამიხარდა!
უცებ გამახსენდა! ეხლა რა მოხდება? ჩემს თავზე არ ვფიქრობ. დედაჩემი? საწყალი დედა. მამა. ნათესავები.  მეგობრები.. ჯანდაბა რატომ მოვკვდი? დაეცეს მეხი იმ მძღოლს! არა მოიცა ცოდოა ისიც.. ნეტა ეგ თუ გადარჩა? ეჰ, ნეტავ არ შეიძლება რომ დავბრუნდე?
არადა სულ ვფიქრობდი, რომ სანამ მოვკვდებოდი წერილს დავწერდი სადაც ყველაფერს ვაღიარებდი და ყველაფერს ვიტყოდი. ახლა კი ვერც წერილი მოვასწარი და ვერც ვიდეო! (“ზაპასნოი” ვარიანტი იყო თუ წერა დამეზარებოდა)
სხვათა შორის არ მოვკვდი ისე როგორიც მეგონა. რაღაც ამის მსგავსი წარმომედგინა, რომ მოვიდოდა მე კი შევთხოვდი ცოტა დრო კიდევ მოეცა ჩემთვის.

დრო არასდროს მყოფნის და სულ მეტს ვითხოვ.
ნელნელა ვაცნობიერებ რამდენი დამრჩა გასაკეთებელი. ბოლოს და ბოლოს 15 წლის ვარ! თუ ვიყავი? ნუ ახლა უკვე რაღა მნიშვნელობა აქვს.. სკოლაც კი ვერ დავამთავრე.. სკოლაზე გამახსენდა! ახლა დერეფანში ჩემს სურათს გამოაშანშალებენ! ნეტა რამე კარგი სურათი მაინც იყოს! რაზე ვფიქრობ..
არადა როგორ მიყვარდა სოცოცხლე? სანამ ადამიანი რაღაცას არ დაკარგავს მანამდე ვერ დააფასებს-ო, რომ ამბობდნენ არ ვეთანხმებოდი.. ყოველი დღე, რაც გავატარე მიყვარდა! თუნდაც სრულიად უაზრო!
ერთი ადამიანი გავიდა. ხელში შავი ფურცელი ეჭირა. გასვლისას რაღაც უცნაურად გამომხედა და კარი გაიხურა. ნეტავ რა უნდოდა?
-შემდეგი! დაიძახა ქალმა. მიმოვიხედე და აღარავინ დარჩენილიყო. მეც მივედი.
-სახელი?
-მარი. მარიამი. არა მარიშკა. მარი!
-ვაი შვილო..-ამოიოხრა ქალმა. გამეცინა.
-რამდენი წლის ხარ მარი მარიამ მარიშკა არა მარი?
-15.
-რატომ მოიკალი თავი?
-ბატონო?
-რა იყო შეყვარებულმა მიგატოვა? არა მშობლებმა არ გაგიშვეს სადღაც ხო? ოხ ეს ახალგაზრდები..
-იცით.. მე.. ვერ გავიგე..-ენა დამება! აუ არადა არასდროს არ მებმებოდა ენა!
-უი დედა შენ ორსულად ხო არ ხარ? მარა აქ მარტო ერთი სული წერია და..
-არა რა ორსულად! მე თავი არ მომიკლავს!
-კი აბა! მე შევუვარდი მანქანას ხო?
-რაა? მაქანა თავისით დამეჯახა!
-კაი ახლა მოკვდი და კიდე იტყუები?
-რას ვიტყუები ტროტუარზე გადმოვიდა და კიდე მე შევუვარდი?- ცოტა გავრაზდი.
-რა ტროტუარზე? ვაიმე…
-რა მოხდა?-ქალმა არ მიპასუხა, მაგრამ ტელეფონს დასწვდა.
-კაკო! შე მართლა სასიკვდილე! ბრმა ხარ? არა ვიცი, რომ ბრმა იყავი მაგრამ ამ პატარა გოგომ რა დაგიშავა ჰა?-ჩაყვიროდა ყურმილში თან როგორც დავინახე ჩემს პირად საქმეს გულისყურით ათვალიერებდა.
-რა ვუშველოთ ახლა?…… ახლა მთავართან თუ მივიდა ეს ამბავი… რაო??-ქალს თვალები შუბლზე აუვიდა..-კარგი მაცადე ცოტა ხანს.. ქალმა ამათვალიერა.
-გილოცავ გოგონი მგონი შეცდომით მოხვდი ჩემთან!
შესაფერისი სიტყვები ვერ ვიპოვე.. პირი გავაღე სათქმელად და ვერაფერი ვთქვი..
-ახლა შენ. შენ კი არა შენს სხეულს უტარებენ ხელოვნურ სუნთქვას ვიღაცას ძალიან არ უნდა შენი აქ დატოვება.. ხოდა აგერ გადი იმ კარებში და კაი ხანი არ მოხვიდე!-ბრაზით მითხრა ქალმა.
-როგორ?-ისე დავიბენი, რომ სხვა სიტყვა ვერ მოვიფიქრე.
-შეცდომაა გენაცვალე! ვიღაც გოგოს უნდა დაჯახებოდა ის მანქანა და შენ გეტაკა! წადი ახლა სანამ დროა, თორემ დარჩი აქ და ეგაა!
გაოცებუი ავტომატურად ავდექი და სასწრაფოდ გავემართე მითითებული კარისკენ. უცებ მოვტრიალდი და ვკითხე:
-თქვენ რა გქვიათ?
-მაგის ცოდნა არაა საჭირო.. წადი ახლა.
და მე გამოვედი.

ჩაი და ყავა

ყავა:-გამარჯობა, შენ ჩაი ხარ. მშვიდი, გაწონასწორებული, სერიოზული, ჭკვიანი, კეთილშობილი და ცოტაც დიდგვაროვანი. შენთან ურთიერთობა ყველას არ შეუძლია, არა ცუდი ხასიათის გამო. უბრალოდ ვერ გიგებენ. შენ ყოველთვის ეხმარები მათ, ვისაც ეს სჭირდება, გასნაკუთრებით ზამთარში. ხალხს ათბობ, ამიტომაც უყვარხარ ბევრს. ზოგს კი რატომღაც არ უგემური ჰგონიხარ. ესეც იმის გამო, რომ შენს ნამდვილ სახეს არ იცნობენ. შენი სამშობლო ინგლისია, თუმცა კოსმოპოლიტობაც გახასიათებს.სხვები ცდილობენ იყვნენ შენნაირები, მაგრამ შენ განუმეორებელი ხარ!

მე ყავა ვარ. თავქარიანი, სულელი, უაზრო, ემოციებს აყოლილი, ღამეებგათენებული და კოფეინით გაჟღენთილი. მე ბევრი არ მაფასებს.ხშირად სანამ საჭირო არ ვარ, არავის ვახსენდები. მე ხალხს ვეხმარები, ისევე როგორც შენ, მაგრამ როგორც კი მომეჩვევიან, მაშინვე თავის დანებებას ცდილობენ. აქ კი ჩემი მთავარი შარმი კოფეინი იწყებს მუშაობას. იცოდი, რომ მე მომავალს ვაჩვენებ? დიახაც, მე არ ვიტყუები! უბრალოდ ბევრს არ სჯერა და მატყუარა ვგონივარ.

ჩაი:- გაგიმარჯოს! შენ იცი , რომ მე ჩაი ვარ და გგონია, რომ ჩემს შესახებ ყველაფერი იცი, მაგრამ შენ ხომ ჩემი ნამდვილი სახე არ გინახავს! იმ ფაიფურის ჭიქისა და სითბოს უკან რა იმალება არ გაინტერესებს? მე გულჩვილი ვარ! ხშირად ვტირი და მნიშვნელობა არ აქვს მიზეზიანად ხდება ეს თუ უმიზეზოდ. ჩემთვის გულის ტკენა ადვილია, ნდობის დაბრუნება კი თითქმის შუეძლებელი. იქნებ ფიქრობ კიდეც, რომ უკარება ვარ? არა ჩემო კარგო! უბრალოდ მე მხოლოდ ერთეულებს ვაძლევ ჩემთან ურთიერთობის უფლებას.

შენ ყავა ხარ. მხიარული, მაგრამ ხშირად ჩაფიქრებული. ფეთქებადი და თან მშვიდი. ადამიანი, რომ იყო ჰოროსკოპით სასწორი იქნებოდი. ხშირად გამოირჩევი წინდაუხედავობით და ბოლოს ცდილობ ყველაფერი გამოასწორო. ხალხს მოსწონს შენთან ურთიერთობა, შენ კი  იმდენად გეშინია მათი დაკარგვის, რომ მთავარ იარაღს იყენებ!! დატკბი ცხოვრებით ძვირფასო!!

ამ დროს ოფიციანტმა დაგვიანებულ შეკვეთას მოაკითხა და ყავა და ჩაი სამუდამოდ დააშორა ერთმანეთს ისე, რომ ყავამ მადლობის გადახდაც ვერ მოასწრო..