ნიღაბი

საგრიმიოროში შევდივარ და ნიღაბს ვიხსნი. უი რა უცნაურია.. არაფერი ჩანს. თუმცა არც მიკვირს. რაც თავი მახსოვს იმ ჩამონგრეულ სცენაზე ვდგავარ და ვთამაშობ. შესვენებების დროს კი ასევე დანგრეულ საგრიმიოროში შემოვდივარ და ფანჯრიდან ვიყურები, დამწყვდეულივით და ვფიქრობ, თუ რა დამრჩა ამ დაწყევლილი თეატრის გარეთ.

ვიყურები სარკეში და თითქმის ვერაფერს ვხედავ. მხოლოდ ცრემლები.. ნუთუ ასე დავეცი, რომ საკუთარი თავიც კი დავკარგე?
ნეტავ რატომ მიკვირს ეს ყველაფერი? მე ხომ თვითონ ავირჩიე ასეთი ცხოვრება? იმ დღეს ისეთი შეშინებული და დათრგუნული ვიყავი, რომ მხოლოდ ნიღაბი თუ მიშველიდა.. წვიმისგან გალუმპულმა და თვალცრემლიანმა თეატრში შევირბინე და ფარდის უკან მდგომ რეჟისორს მთელი ჩემი ცხოვრება ჩავაბარე, რათა  მის დადგმაში ჩემთვის მთავარი როლი მოეცა.
აი ისევ მეძახის ჩემი აუდიტორია. ჩემივე გატეხილ სარკეში მხიარულ ნიღაბს ვირგებ და გავდივარ. წითელი ბარხატის ფარდა იწევა და მეც თამაშს ვიწყებ.
აღარ შემიძლია ამდენი თამაში.. სუნთქვა მეკვრის და სცენაზე ვეცემი. არანაირი თანაგრძნობა, მხოლოდ სიცილი..
-მორჩა! გათავდა! ჩემი ცხოვრება ამ დაწყევლილი ადგილის გარეთაა!-ვიყვირე გამწარებულმა და სცენიდან გავიქეცი. მთელი იმ დროის განმავლობაში რაც მე თეატრში ვთამაშობდი პირველად გავიგე ტაში.
გრძელ დერეფანში გავრბოდი და ვცდილობდი ნიღბის მოხსნას. უკან ვიღაც მომყვებოდა და საკუთარი თავის დაბრუნებაში ხელს მიშლიდა. რეჟისორი იყო.. მას ჰქონდა ყველა იმ კარის გასაღები, რომლიდანაც გაქცევა შემეძლო, თავად მივეცი ამის უფლება, როდესაც პირველად შემოვედი თეატრში. უცებ ვიგრძენი, რომ ნიღბის მოხსნა შემეძლო. შევყოყმანდი, მაგრამ უნდა მცოდნოდა რა დამრჩა მის უკან.
ირგვლივ სიცარიელე იყო..
-არა ეს შეუძლებელია! ნუთუ მართლა არაფერი დარჩა ჩემგან?! მე ეს არ მინდოდა.. მე მხოლოდ…

-მოგწონს? აი ეს დარჩა შენი სანატრელი ცხოვრებისგან! მე გაგაფრთხილე, რომ ვერ დაბრუნდებოდი. იქმდე უნდა ითამაშო სანამ თამაში არ გახდება შენი ცხოვრება.-ქედმაღლურად მითხრა რეჟისორმა.
დარცხვენილი ბავშვივით ვიდექი და ცრემლები მდიოდა.
-აბა რას იტყვი დაბრუნდები?-ამ სიტყვების თანხლებით მან ძვირფასი თვლებით მორთული ნიღაბი გამომიწოდა. გვერდზე გავიხედე და ისევ სცენაზე ვიდექი. სუფლიორი სცენარში ეძებდა ჩემს სიტყვებს, მაგრამ ამ სპექტაკლში მე ვიყავი სცენარისტი. რეჟისორს ნიღაბი გამოვართვი… მადლობა გადავუხადე და აუდიტორიისკენ მოვისროლე. მან უხმოდ ჩაიღიმა და გზა დამითმო.
ტაში უკვე კარებებს მიღმა მესმოდა.

Advertisements

4 thoughts on “ნიღაბი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s